უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა რუსეთისგან მიიღო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამის შესახებ ლუბინეცმა 10 ოქტომბერს, ღამით დაწერა სოციალურ ქსელებში. 27 წლის უკრაინელი ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. პირველი ცნობები ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ 10 ოქტომბერს, საღამოს უკრაინული მედიით გავრცელდა. გამოცემა „გრატის“ ინფორმაციით, ჟურნალისტის მამამ შვილის მდგომარეობის გასარკვევად რუსეთში 28 აგვისტოს გაგზავნილი მიმართვის პასუხად 10 ოქტომბერს, ელექტრონული ფოსტით მიიღო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომ ვიქტორია როშჩინა 19 სექტემბერს გარდაიცვალა და მის ცხედარს უკრაინულ მხარეს გადასცემენ დაკავებულთა მორიგი გაცვლის დროს. წერილში სიკვდილის მიზეზი დასახელებული არ არის. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 10 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიქტორია როშჩინა რუსეთთან ტყვეების უახლოესი გაცვლის ფარგლებში უნდა გაეთავისუფლებინათ და ბოლო ინფორმაციით, ამ მიზნით მოსკოვში, „ლეფორტოვოს" იზოლატორში გადაიყვანეს. ასევე ნახეთ რუსეთმა დაადასტურა, რომ თვეების წინ გაუჩინარებული უკრაინელი ჟურნალისტი დაკავებულია ვიქტორია როშჩინა 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში გაუჩინარდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან, სადაც მასალებს აგროვებდა პუბლიკაციებისთვის რუსეთის მიერ დანიშნული არჩევნების, კახოვკის ჰესის განადგურებით გამოწვეული შედეგების და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაციის შესახებ. ჟურნალისტის ადგილსამყოფლის დასადგენად ოჯახის წევრებმა მიმართეს სხვადასხვა უწყებას, მათ შორის რუსეთის სახალხო დამცველს. 2024 წლის მაისის ბოლოს, ვიქტორია როშჩინას მამამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო აპრილით დათარიღებული პასუხი, რომ როშჩინა დაკავებულია. ჟურნალისტის დაკავება დაადასტურა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც. უკრაინაში სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ ჟურნალისტს ტყვეობაში მყოფის სტატუსი მიანიჭა. ვიქტორია როშჩინა სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა უკრაინულ ტელეარხ Громадське-სთან, გამოცემა „უკრაინსკა პრავდასა“ და რადიო თავისუფლებასთან. 2022 წლის გაზაფხულზე ჟურნალისტმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მოამზადა რეპორტაჟი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკიდან. ასევე ნახეთ როგორია ცხოვრება რუსების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში კორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ ვიქტორია როშჩინას უკანონო პატიმრობა და ტრაგიკული სიკვდილი ცხადყოფს, რა ფასად უჯდებათ...