ინდოეთმა გაზარდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანქცირებული ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში, - იუწყება Bloomberg-ი. ამერიკული გამოცემა იშველიებს რუსეთის ფედერაციის, შეერთებული შტატებისა და ევროპის ოფიციალურ პირებს, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვების ქვეშ მყოფი საქონლის (მათ შორის - მიკროჩიპების, მიკროსქემებისა და ჩარხების) ინდური ექსპორტის მოცულობამ რუსეთში აპრილსა და მაისში ყოველთვიურად 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ამ წლის წინა თვეებში. უკვე ივლისში ამ თანხამ 95 მილიონი შეადგინა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ინდოეთს მხოლოდ ჩინეთი უსწრებს. Bloomberg-მა პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დეპარტამენტი კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს ინდოეთის ოფიციალური პირებისა და კომპანიების მიმართ. ამერიკული გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ინდოეთის ხელისუფლება ამ პრობლემის შესახებ მიმართვას თითქმის არ უპასუხებს. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. "ბოლო მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ იმ მგრძნობიარე ტექნოლოგიების თითქმის მეხუთედი, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კუთვნილება გახდა, რუსეთში ინდოეთის გავლით მოდის", - წერს გაზეთი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ინდოეთის როლი ასეთი საქონლის მიწოდებაში დამატებითი პრობლემაა, რადგან პუტინთან კავშირების მიუხედავად, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ შეინარჩუნონ პარტნიორობა პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობასთან. ინდოეთი ასევე იქცა რუსული ნავთობის მთავარი მყიდველად იმ ფონზე, როდესაც დასავლელი მოკავშირეები ამ ვაჭრობის შეზღუდვას ცდილობენ. კიევი რეგულარულად აღნიშნავს, რომ მიუხედავად ევროპული და ამერიკული ქვეყნების სანქციებისა, იარაღში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, ჯერ კიდევ გამოიყენება დასავლური კომპონენტები. ასევე ნახეთ უკრაინაში ომის პარალელურად საქართველომ 3370%-ით გაზარდა აშშ-დან მიკროჩიპების იმპორტი - რა მტკიცებულებები არსებობს ასევე ნახეთ სანქცირებულ საქონელს გერმანიიდან რუსეთის კომპანია „პრომტექი“ თურქი, სომეხი და ყაზახი პარტნიორებისგან იღებს - SZ ...