ისრაელის არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა ლიბანის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ აიტუზე, სადაც ძირითადად, ქრისტიანები ცხოვრობენ. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ოქტომბერს ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 21 ადამიანი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ადგილობრივი ოფისის ცნობით, ავიადარტყმის შედეგად დანგრეულ სახლს თავს აფარებდნენ საომარი მოქმედებების გამო ქვეყნის სამხრეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. აიტუ შორსაა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთიდან და სხვა რაიონებიდან, სადაც ისრაელის არმია უტევს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ჰეზბოლას პოზიციებს. ისრაელს სოფელზე ავიადარტყმის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ასევე ნახეთ ისრაელის არმიის ჯარისკაცები დაიღუპნენ დრონებით თავდასხმის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ინტენსიური საჰაერო ოპერაცია 2024 წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია ჰეზბოლას თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა. ლიბანის მთავრობის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია 1700-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით მილიონი კი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. გაეროს წარმომადგენლები ისრაელს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ებრძვის მხოლოდ ჰეზბოლას ტერორისტებს და არა ლიბანელ ხალხს. ჰეზბოლას მხარდამჭერია ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელმაც 1 ოქტომბერს ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა და პასუხის შემთხვევაში, უფრო მასშტაბური დარტყმით დაემუქრა. ასევე ნახეთ რატომ შეიჭრა ისრაელი ლიბანში? ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა ჰამასს თავის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ისრაელის წინააღმდეგ ლიბანიდან სარაკეტო შეტევებით გააქტიურდა ჰამასის მოკავშირე ჰეზბოლა. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში თეირანში მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო სექტემბერში ბეირუთში - ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა. ...