ჩრდილოეთმა კორეამ სამშაბათს ააფეთქა სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზებისა და რკინიგზის მონაკვეთები. ამის შესახებ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა. სეულმა დაგმო ეს ნაბიჯი და ფხენიანი დაადანაშაულა კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაციის გაგრძელებაში. აფეთქებები ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქებების შედეგად სამხრეთ კორეის სამხედროები არ დაშავებულან. მათ სადემარკაციო ხაზის სამხრეთით გამაფრთხილებელი გასროლები გააკეთეს. კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ადრე გამოაცხადა, რომ აპირებს ააფეთქოს გზები და ამით ჩრდილოეთი კორეა „სრულიად გამოყოს“ სამხრეთ კორეისგან. ფხენიანმა ამ ნაბიჯს უწოდა რეაქცია სამხრეთ კორეის მიერ დრონების გაშვებაზე ანტისამთავრობო ბროშურებით. ვარაუდობენ, რომ მათ მიაღწიეს ფხენიანს. ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები გააფრთხილა გზების აფეთქების გეგმის შესახებ. გზებს ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, მათ შორის, სამხრეთ კორეის ბიუჯეტის ხარჯზე. ისინი განიხილებოდა ორ ქვეყანას შორის შესაძლო თანამშრომლობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების სიმბოლოდ. თუმცა, ბოლო დროს ურთიერთობა ორ კორეას შორის, რომლებიც ტექნიკურად ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, კვლავ დაიძაბა. ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ დაიწყო საზღვრის გაძლიერება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჩონმა უკანასკნელ ხანებში არაერთხელ განაცხადა, რომ ფხენიანი უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას განიხილავს აგრესიად, რამაც შეიძლება ომი გამოიწვიოს. თავად კიმ ჩენ ინმა კი 14 ოქტომბერს გამართა თათბირი „მტრის სერიოზული პროვოკაციის გამო, რათა დაარღვიოს [კსდრ-ის] სუვერენიტეტი“. ამის შესახებ სამშაბათს იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA. სეული უარყოფს დრონების გაშვებას და ამავე დროს ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ნაგვით დატვირთული ბუშტების გაგზავნაში. სამხრეთი კორეა, დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აკეთებენ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთი კორეა უშუალოდ მონაწილეობს უკრაინის ომში რუსეთის მხარეზე. ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი რუსეთსა და კსდრ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ის ითვალისწინებს, რომ მესამე ქვეყნის მიერ კსდრ-ის ან რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში მოსკოვი და ფხენიანი ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას, მათ შორის სამხედროს. ...