რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც უცხოეთში ცხოვრების შემდეგ ირანში დაბრუნდა, თეირანში დააკავეს, აცნობა რადიო თავისუფლებას წყარომ 15 ოქტომბერს. ირანისა და აშშ-ის მოქალაქე რეზა ვალიზადე დაახლოებით სამი კვირის წინ დააკავეს, კერძოდ, სპარსულენოვან უცხოურ მედიასთან თანამშრომლობაში ბრალდებით. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა ერთ-ერთმა ახლობელმა განუცხადა. ვალიზადეს დაკავებაზე ირანის ოფიციალურ პირებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. რეზა ვალიზადემ 2022 წლის ნოემბერში დატოვა რადიო თავისუფლების ირანული სამსახური “რადიო ფარდა” და გარკვეული დროით საზღვარგარეთ დარჩა. წელს, 13 აგვისტოს, X-ზე ვალიზადეს ანგარიშით გავრცელდა ცნობა, რომ ის 16 მარტს თეირანში გაემგზავრა. პოსტში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების "ნახევარ გზაზეა" ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო განყოფილებასთან, მაგრამ მაინც დაბრუნდა ირანში საკუთარი პასუხისმგებლობით. ორმაგი მოქალაქეობის მქონე არაერთი პირი დააკავეს ირანის უშიშროების ძალებმა და სხვადასხვა დანაშაულში წაუყენეს ბრალი. მათ ჩამოართვეს ან გაუყინეს ქონების დიდი ნაწილი. ზოგიერთ შემთხვევაში ირანში მყოფ მათი ოჯახების წევრებზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა ეიძულებინათ ეს ადამიანები, ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ. ასევე ნახეთ რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ჟურნალისტი საიდუმლოდ დაკრძალეს - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ...