სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უწყების მიერ არჩევნებამდე 10 დღით ადრე გავრცელებული განცხადება გაფრთხილებაა, რომ პროცესში ჩართულმა პირებმა „წითელი ზღვარი არ გადაკვეთონ“. საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაზე “ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული“ ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაზე, რომლებმაც ხელოვნური დესტაბილიზაცია უნდა გამოიწვიოს. ასევე ნახეთ სუსი: არჩევნების წინ „პროვოკაცია" მზადდება „ყალბი ჩანაწერების” გავრცელებით როგორც ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფმა გრიგოლ ლილუაშვილმა 17 ოქტომბერს უთხრა მედიას, „ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს. ეს გაკეთდა პრევენციისთვის”. მისი სიტყვებით, ჩანაწერები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს, “არ არის სუსიდან”. “იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ, თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს. სუსიდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ, მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, - განაცხადა ლილუაშვილმა. ასევე ნახეთ სუს-ი: ელოდეთ ყალბ ჩანაწერებს - დესტაბილიზაციის პრევენცია თუ „ოცნების“ დაზღვევა ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც სუსი წინასაარჩევნოდ „დესტაბილიზაციის საფრთხეზე“ საუბრობს. მან 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში იგეგმება დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელება. უწყების მტკიცებით, ეს მასალები დამონტაჟებული და გაყალბებულია „ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით“. „ყალბ ჩანაწერებში“, სუსის ცნობით, გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სუსი, - რომელსაც მმართველი პარტია არა სახელმწიფო, არამედ პარტიული ინტერესებისთვის იყენებს, - ამ განცხადებით ცდილობს, დააზღვიოს რისკები, რაც მმართველი გუნდის წევრების მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების შესაძლო გავრცელებას შეიძლება თან ახლდეს. 16 ოქტომბერს, სუსის განცხადებიდან ორიოდე საათში, იუტუბ-არხზე Cyber Kmara გამოქვეყნდა, არხის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის სატელეფონო საუბარი. ახალი ჩანაწერის თანახმად, ხვედელიძე რუსული კომპანიის, „ფსიხოდემიის“ წარმომადგენელთან, ვინმე ილიასთან, „ქოუჩინგის“ კურსის დეტალებს არკვევს. ამ საკითხის კომენტირებისას, შეკითხვაზე, ვინ უსმენს ეკატერინე ხვედელიძეს, გრიგოლ ლილუაშვილ...