პარიზი ღიაა უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მიწვევის იდეისთვის, მაგრამ მოკავშირეებთან მოლაპარაკებები ამ საკითხზე გაგრძელდება, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ კიევში ვიზიტისას. უკრაინის დედაქალაქში შაბათს, 19 ოქტომბერს, გაიმართა ბაროსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას შორის მოლაპარაკებები. ორივე მინისტრმა თანამდებობა ცოტა ხნის წინ, 2024 წლის სექტემბერში დაიკავა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ბაროსა და სიბიჰას ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაყრდნობით ციტირებს ფრანგ დიპლომატს, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ რუსეთთან ომში და რომ პარიზი მზადაა, გააგრძელოს კიევის დახმარება. „საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის გეგმას არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ მზადაა, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო და ეკონომიკურ სექტორებში“, ნათქვამია პუბლიკაციაში. ამავე დროს ბარომ განაცხადა, რომ „საფრანგეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, როდესაც ის გადაწყვეტს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას“. ასევე ნახეთ დასავლელმა ლიდერებმა ბერლინში განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკის "გამარჯვების გეგმა" პრესკონფერენციაზე უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე თქვეს, რომ ჩრდილოეთ კორეის რეგულარული ჯარების მოზიდვა რუსეთის შემოჭრის მხარდასაჭერად ომის სერიოზული ესკალაცია შეიძლება იყოს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფხენიანი დაადანაშაულა მოსკოვის დასახმარებლად რუსეთში 10 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის გაგზავნაში. ფრანგი მინისტრი კვირას გაემგზავრება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პარიზი ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების დაცვის ორ ახალ ცენტრს, აღნიშნავს Reuters-ი. ე.წ. „გამარჯვების გეგმა“ არის ზომების ერთობლიობა, რომლებიც, კიევის აზრით, უნდა დაეხმაროს რუსეთის იძულებას, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესია. 16 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გეგმის დეტალები წარუდგინა უმაღლეს რადას, ხოლო მეორე დღეს - ევროკავშირის ლიდერებს ბრიუსელში. გეგმის პირველი პუნქტი არის უკრაინის ნატოში მიწვევა ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე. პროექტი, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევს კონფლიქტის შეწყვეტის საშუალებას მისცემს არაუგვიანეს მომავალი წლისა. ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში ...