მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული ორი კენჭისყრიდან ერთ-ერთის, საპრეზიდენტო არჩევნების, წინასწარი შედეგებით, ლიდერობს პროევროპული ორიენტაციის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ - ის უსწრებს პრორუსული ორიენტაციის კანდიდატს სოციალისტური პარტიიდან, ალექსანდრ სტოიანოგლოს. პრეზიდენტად კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. სავარაუდოდ, მომავალ თვეში მეორე ტური გაიმართება. ხმების 35 პროცენტის დათვლის შემდეგ, სანდუს 35-მდე პროცენტი აქვს, სტოიანოგლოს - 29 პროცენტი, ხოლო ქალაქ ბალტის ყოფილ მერს, პოპულისტური ორიენტაციის პოლიტიკოს რენატო უსატის - 15 პროცენტი, - იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია. თუ ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, 3 ნოემბერს გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატები. ანალიტიკოსების თქმით, წინასწარი მონაცემი, სავარაუდოდ, ეფუძნება შედეგებს რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში მცხოვრები დიასპორიდან, რაც ნიშნავს, რომ სანდუს მხარდაჭერა შეიძლება გაიზარდოს უშუალოდ მოლდოვაში მოპოვებული ხმების ხარჯზე. დათვლის პროცესშია ასევე სანდუს მიერ შეთავაზებული რეფერენდუმის შედეგები, რომელზეც 3,3 მილიონ მოლდაველ ამომრჩეველს ჰკითხეს, უჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო შესწორებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ხმათა 46 პროცენტის დათვლის შემდეგ, პასუხს "არა" მიემხრო 56 პროცენტი ანუ უმრავლესობა, თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ხმების დათვლის პროცესის გაგრძელებამ შესაძლოა ეს მონაცემიც შეცვალოს. ასევე ნახეთ მოლდოვაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ...