ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი 22 ოქტომბერს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა თბილისში 20 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის მხარდამჭერ მარშს და თქვა, რომ ეს მისთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, იყო "სიამაყის, სიხარულის, ეს იყო ბედნიერების დღე", ვინაიდან თბილისის ქუჩებში იყო უამრავი ადამიანი და ევროკავშირის უამრავი დროშა. "მე ვნახე ამდენი ხალხი ქუჩაში, ყველა იქ იყო. ვნახე ძალიან ბევრი ახალგაზრდა, თქვენი შვილები. ისინი იმსახურებენ მომავალს, ისინი იმსახურებენ უკეთეს შესაძლებლობას აქ, საქართველოში. ისინი არ უნდა ეძებდნენ უკეთეს ცხოვრებას სადმე სხვაგან, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ მშვენიერ საქართველოში", - თქვა პაველ ჰერჩინკიმ. მან კიდევ ერთხელ "სამწუხარო" უწოდა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების იმ ნიშნულს, რომელიც, მისი თქმით, "ისტორიულთან შედარებით დაბალ დონეზეა". "საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერდა, ევროკავშირის ლიდერებმა ძალიან ნათლად თქვეს, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ლიდერების მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, გულსატკენი და სამწუხაროა ვხედავდე, რომ სხვა ქვეყნები წინ მიდიან ევროკავშირში წევრობისკენ, საქართველო, ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, შორდება", - თქვა ევროკავშირის ელჩმა და მოიყვანა მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე 20 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები. "შეხედეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხი გამოვიდა და რეფერენდუმზე ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანებას. თითოეული ხმა დაითვალა და ზღვარი იყო ძალიან პატარა. ამიტომ გთხოვთ, მიდით და ხმა მიეცით, ხმა მიეცით თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის. ევროკავშირი არის დიდი წარმატების ისტორია, ის არის მშვიდობის პროექტი, ის არის განვითარების გარანტი, ღირსეული ცხოვრების გარანტი არა მხოლოდ რამდენიმე მდიდრისთვის, საუბარი არაა ძვირფას ლიმუზინებზე რამდენიმე მდიდრისთვის, საუბარია ღირსეულ ცხოვრებაზე ყველასთვის", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. მისი სიტყვებით, მისი სამშობლოს, პოლონეთის, მაგალითიც მოწმობს, როგორ ცვლის ევროკავშირის წევრობა ქვეყანას უკეთესობისკენ. "შეხედეთ ჩემს ქვეყანას - 30 წლის წინ ჩემი ქვეყანა იყო გაკოტრებული, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეს არის წარმატების ისტორია. ყველა ქვეყანას, რომელიც გაწევრიანდა ევროკავშირში ისტორიის მანძილზე, მიეცა შესაძლებლობა ცივილიზაციური წინსვლის. მე გულწრფელად მჯერა, ასევე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც, ეს თქვენს ხელშია. ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ ვთქვით ხმამაღლა და მკაფიოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება გასულ დეკემბერს, გაგვეღო კარი თქვენთვის, საქართველოსთვის. ჩვენ გელოდებით, მაგრამ თქვენ უნდა შეხვიდეთ ამ კა...