ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე 19659/21 „შპს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება და ანდრეი შარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. საქმე ეხებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ რადიო თავისუფლების ე.წ. „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებას. როგორც რადიო თავისუფლების მიერ ევროსასამართლოდან მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები, რომლებიც ეხება სიტყვის თავისუფლებას და გაერთიანების თავისუფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტი მის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მოქმედი კანონმდებლობა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ახდენს სტიგმატიზაციას, არის შეცდომაში შემყვანი, ძალზე ფართოდ და არაპროგნოზირებადი სახით გამოიყენება და, ზოგადად, მიზნად ისახავს დასჯას და არა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაზრდას. ცალკეა მითითებული რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე, მარკირებულ იქნეს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ მიერ გაკეთებული ყველა პუბლიკაცია. ეს და სხვა შეზღუდვები, როგორც ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს. ასევე ნახეთ „აგენტების კანონს“ სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებენ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აუნაზღაუროს რადიო თავისუფლებას და ანდრეი შარის ხარჯები დაახლოებით 60 ათასი ევროს ოდენობით, ასევე აანაზღაუროს პირდაპირი ზიანი დაახლოებით 950 ათასი ევროს ოდენობით. შპს რთე/რთ-მ, რომელიც წარმოადგენდა ამერიკული მედიაკორპორაციის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ინტერესებს მოსკოვში, და მისმა გენერალურმა დირექტორმა ანდრეი შარიმ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანეს 2021 წლის მაისში. სარჩელი ეხებოდა მრავალმილიონიან ჯარიმებს, რომლებიც რადიო თავისუფლებას, ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასა“ და მედიაკორპორაციის სხვა პროექტებს დააკისრეს იმ ბრალდებით, რომ ისინი არღვევდნენ „როსკომნადზორის“ განკარგულებას და არ ახდენდნენ ჟურნალისტური მასალების მარკირებას „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონმდებლობის გამოყენება, მოსარჩელეების თქმით, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს. ასევე ნახეთ დიქტატურის გაკვეთილები: რუსეთი, საქართველო და „აგენტების“ ფანტომები რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტები „უცხოეთის აგენტების“ სიას 2017 წელს დაამატა. მედიაკორპორაციამ ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია. 2021 წლის იანვარ-მაისში, ევროსასამართლოში საჩივრის შეტანის დროისთვის, „როსკომნადზორმა“ შეადგინა და სას...