გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ჩავიდა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში, სადაც პრეზიდენტი პუტინი მასპინძლობს BRICS-ის მე-16 სამიტს. ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ შექმნილი გაერთიანების ლიდერთა სამიტი 22 ოქტომბერს გაიხსნა და 24 ოქტომბერს დასრულდება. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების მიერ დღეს, 23 ოქტომბერს, გავრცელებული ცნობებით, BRICS-ის სამიტში მონაწილეობისთვის ყაზანში ჩასულ ანტონიუ გუტერეშს აეროპორტში დახვდა თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ფარიდ მუხამეტშინი. ყაზანის სამიტს გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა ესწრება ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მეთაურიც, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი. ასევე ნახეთ ყაზანში BRICS-ის სამიტის კულუარებში გაიმართა ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ორგანიზაცია, რომელიც თავს დასავლეთის სახელმწიფოების საპირწონედ განიხილავს, 2006 წელს დააფუძნეს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა. მათ 2010 წელს შეუერთდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 2024 წელს ორგანიზაციის წევრები გახდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ...