ვიდეოკლიპში გამოსახულების ერთ მხარეს ნაჩვენებია უკრაინის დაბომბილი ადგილები, მეორე მხარეს კი საქართველოში გადაღებული კადრები. „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ ამბობენ, რომ ამ შინაარსიდან გამომდინარე, ეს რეკლამა ამორალური და არაეთიკურია, მმართველი პარტია კი ამომრჩევლებში თესავს შიშს და ასე ცდილობს მათი მხარდაჭერის მოპოვებას. „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიებს არ გააჩნდათ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, უარი ეთქვათ პოლიტიკური პარტიისათვის წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, ვინაიდან კონკრეტული პოლიტიკური რეკლამა არ წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, იგი შეიცავს ომის უარმყოფელ მოწოდებას და არ ეწინააღმდეგება კონკრეტული ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზოგად მოთხოვნებსა და პრინციპებს“, - წერს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ტელევიზიებისთვის გაგზავნილ წერილში. სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მიმართვა კომუნიკაციების კომისიისა, რომელმაც ასევე ვერ დაინახა დარღვევა. ასევე ნახეთ ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო „მთავარი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ სასამართლომ დააჯარიმა კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების ზედამხედველია. სწორედ მარეგულირებელში უჩივლა „ქართულმა ოცნებამ“ „მთავარი არხს“, „ფორმულასა“ და „TV პირველს“ მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ვიდეოკლიპის ეთერში განთავსებაზე. კომუნიკაციების კომისიამ პარტიის საჩივარი დააკმაყოფილა. ...