მიკროავტობუსი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ აქციაზე კახეთიდან თბილისში მიჰყავდა მოქალაქეები, ავტოავარიაში მოჰყვა. შემთხვევა გომბორის გზაზე მოხდა. დაშავდა ოთხი მგზავრი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა ანა დალაქიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამი დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ, სავარაუდოდ, მალე გაწერენ, ერთს კი მოტეხილობა აქვს. „ვისაც მოტეხილობა აქვს, მას შევთავაზეთ ოპერაციის გაკეთება, თუმცა თავად ჯერ თავს იკავებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერ ვერ გეტყვით. დანარჩენ სამს ალბათ მალე გავწერთ, კვლევის პასუხებს ახლა ველოდებით", - თქვა ანა დალაქიშვილმა. მიკროავტობუსს, რომელიც ავარიაში მოჰყვა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოდან მიჰყავდა ადგილობრივები აქციაზე დასასწრებად. ტრანსპორტში 15-მდე მგზავრი იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ...