ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცეში ისევ აღმოჩნდნენ უცხო ობიექტები, რომელთა გამოც შეიარაღებული ძალების სარდლობამ ქალაქ ბორშასთან მდებარე ავიაბაზიდან გაგზავნა ორი თვითმფრინავი F-16. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, საღამოს რადიოლოკაციურმა სადგურებმა ტულჩის რაიონში ორჯერ დააფიქსირეს საჰაერო ობიექტი. სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, F-16-ებს საჰაერო სამიზნეებთან ვიზუალური კონტაქტი არ ჰქონიათ და მას შემდეგ, რაც ორივეჯერ სიგნალი მალევე დაიკარგა, თვითმფრინავები ბაზაზე დაბრუნდნენ. დღეს, 24 ოქტომბერს, დილიდან სამხედროები იკვლევენ იმ რაიონებს, სადაც სიგნალი დაიკარგა. ასევე ნახეთ ნატო თავდასხმად არ განიხილავს რუმინეთში რუსული დრონის ჩამოვარდნას რუმინეთის ტულჩის რაიონი, რომელიც მდინარე დუნაის ნაპირზე მდებარეობს, უკრაინის ოდესის ოლქს ესაზღვრება. რუსეთის ჯარები დრონებით და რაკეტებით ინტენსიურად უტევენ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას როგორც შავი ზღვის, ისე მდინარე დუნაის ნაპირზე. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუმინეთის საჰაერო სივრცეში არაერთხელ აღმოჩნდნენ უცხო ობიექტები. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამი ასეთი შემთხვევა იყო. ...