ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ კიდევ ერთი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილის სახლში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ეთო ბუზიაშვილის ადვოკატმა ანა გახოკიძემ. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოფიციალურად მხოლოდ ჩხრეკაზე განჩინება წარუდგინეს. ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან ორგანიზაციის კიდევ ერთი თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში. ინფორმაცია სოფო გელავას ქმარმა, პარტია „ფედერალისტების“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა. სოფო გელავას ადვოკატი შოთა თუთბერიძე, - რომელიც ადგილზეა, - რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგამოძიებო უწყებას კომენტარის თხოვნით და პასუხს ელოდება. „მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი [ტექნიკური, საკომუნიკაციო მოწყობილობა - რ.თ.] . ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც“, - წერს ნონიაშვილი. „ფედერალისტების“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ გამომძიებლების თქმით, საქმე უკავშირდება „ატლანტიკური საბჭოს კონტრაქტორ კომპანიას“. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ამავე პერიოდში თბილისში რამდენიმე ადგილას ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ჯერ უცნობია, რაიმე კავშირი თუ არის ამ საქმეებს შორის. ასევე ნახეთ „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა „ფულის გათეთრებასა“ და "თაღლითობაზე“ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ...