მეტროსადგურის გვირაბსა და ბაქანზე სამუშაოების დაწყების პირველივე კვირებში მოიხსნა აზბესტის ფილები. „მეტროსადგურის, „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო ვადა დაზუსტება მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მივიღებთ კორექტირებული სამშენებლო პროექტის ექსპერტიზის პასუხს“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო თვეებია, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორი „ბადა ქონსთრაქშენისთვის“ თანხა არ გადაუხდია. 2022 წლის 21 დეკემბერს ხელშეკრულება დაიდო 13,4 მილიონი ლარის მომსახურებაზე, საიდანაც კომპანიას მიღებული აქვს 3 მილიონ ლარამდე, თანხის 22 პროცენტი. 2024 წლის 1 თებერვალს თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა. მერის ნათქვამის მიხედვით, ზაფხულში უნდა დასრულებულიყო მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციაც. სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება უახლოეს პერიოდში“. ასევე ნახეთ მიწისზედა მეტრო, ახალი საბაგიროები, ხელოვნური ტბა და სხვა შეუსრულებელი დაპირებები თბილისის მერიისგან ...