რუსეთმა იემენელ მეამბოხეებს, ჰუსის მიმდევრებს მიაწოდა სატელიტური მონაცემები, რომლებიც წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა. ამის შესახებ წერს The Wall Street Journal-ი წყაროებზე, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ორ ევროპელ თანამშრომელზე დაყრდნობით. გამოცემის ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მონაცემები გადაეცემოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრების საშუალებით, რომლებიც იემენის ჰუსიტთა რიგებში იყვნენ ჩანერგილი. იემენის ჰუსიტები, რომლებიც იემენის ჩრდილო-დასავლეთს აკონტროლებენ, გასული წლის ოქტომბრიდან რეგულარულად ესხმიან თავს უცხო ქვეყნების გემებს წითელ ზღვაში, რომლებიც, მათი მტკიცებით, ისრაელთან არიან დაკავშირებული. გამოცემასთან მოსაუბრის თქმით, რუსეთის სატელიტური მონაცემები დაეხმარა ჰუსიტებს, გაეფართოებინათ დარტყმები წითელ ზღვაში. WSJ-ს გამოთვლებით, გასული წლის ნოემბრიდან, ჰუსიტები თავს დაესხნენ 100-ზე მეტ გემს, ორი ჩაძირეს და ერთი დაიკავეს. Reuters-ი წერდა, რომ ამ თავდასხმების უკან დგას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ლიბანის რადიკალური დაჯგუფება - ჰეზბოლა. თეირანმა ჰუსიტებს გადასცა უპილოტო საფრენი მოწყობილობები, გემთსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური და საშუალო სიშორის რაკეტები. სააგენტოს მტკიცებით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მათ დაზვერვის მონაცემებს იმისთვის გადასცემს, რათა დაადგინოს, რომელი ხომალდი მიემართება ისრაელში. რუსეთის ხელისუფლებას The Wall Street Journal-ის პუბლიკაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჰუსიტები აკონტროლებენ იემენის მნიშვნელოვან ნაწილს. გასული წლის ოქტომბერში მათ განაცხადეს, რომ უერთდებიან პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის - რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი აშშ-ისა და ევროპის კავშირის მიერ - ომს ისრაელის წინააღმდეგ. ჰუსიტების თავდასხმებმა დაარღვია საერთაშორისო ვაჭრობა საკვანძო მარშრუტზე ევროპასა და აზიას შორის (წითელი ზღვის გავლით მსოფლიო ვაჭრობის 15 პროცენტამდე ხორციელდება). ზოგიერთმა სატრანსპორტო კომპანიამ შეაჩერა თავისი მოქმედება რეგიონში და გემებს აფრიკის გარშემო მარშრუტით აგზავნის, რაც უფრო ხანგრძლივი და ძვირი გზაა. ...