„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, მმართველი გუნდის მიერ დაქირავებული პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც პარტიაში აცხადებენ, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აწყობდნენ პროვოკაციებს: „მას შემდეგ, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა - ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს. მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში. ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებიან “ერთიანობის” წევრებს“, - წერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში. დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდარ ფაქტზე და დაკავებულია თუ არა ვინმე, შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ამაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. ასევე ნახეთ არჩევნები 2024: აქტივობა 15:00 საათისთვის 41.62% -ია 26 ოქტომბერს საქართველოში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც. ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს. ასევე ნახეთ სად ვნახო პარტიების ნომრები? - აქ ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი. გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი (მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი - 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში) საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წე...