საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ (17:30სთ-ის მონაცემები) განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის ოფისი, რომელიც დილიდან აკვირდება საარჩევნო პროცესს, გამოეხმაურა ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის, დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების მიმართაც. ძალადობრივი ინციდენტები: „ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე; ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში, 51-ე საარჩევნო უბანზე; დაძაბულობა იყო ქ. თბილისში, ისანში 30-ე საარჩევნო უბანთან; ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. თბილისში, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს; სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი ქ. გორში, 84-ე საარჩევნო უბანზე; ქ. გორში, მე-14 საარჩევნო უბანთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას; ქ. ზუგდიდში, მე-9 უბანზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ დაპირისპირებას; ასევე, გავრცელებული ცნობით, ფიზიკურად დაშავდა ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანთან მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს დამკვირვებელი; ახმეტის მატნის #11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს ტელეფონი; საიას განცხადებით, მათ თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები: ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. ქუთაისში, მე-2 საარჩევნო უბანთან CNEWS-ის ჟურნალისტს; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ასევე დაზიანდა აპარატურა; ტელეკომპანია „მთავარის“ აპარატურის წართმევა სცადეს კახეთში. გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საარჩევნო უბნებზე და შენობების მიმდებარედ მომხდარი ინციდენტების, დაძაბულობისა და დაპირისპირებების წინაპირობებს ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენდა პროცედურული დარღვევები, თუმცა, უმეტესად ინციდენტები განპირობებული იყო უბნების სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფის მობილიზებით. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ძალადობა და ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისათვის საქმიანობის ხელშეშლა წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას“, - წერია განცხადებაში. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ და შეაფასონ ყველა შესაძლო დანაშაულებრივი/კანონსაწინააღმდეგო ინციდენტი და მოახდინონ მათზე მყისიერი, ეფექტური და კანონის შესაბამისი რეაგირება. ასევე ნახეთ ...