„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლზე დაყრდნობით თავის მხარდამჭერებს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა. ივანიშვილის თქმით, "იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს". „ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს, ოთხ წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ შემდეგ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში და არა ის, რომ ჩვენ რეიტინგებით ვედრებით ვიღაცებს დღეს”, - განაცხადა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, მსოფლიოში საქართველოზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, საქართველოზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ, მისი თქმით, ქართული საზოგადოება არ არის არცერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება. "გუნდი, ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებთ პრემიერ-მინისტრით, სანთლით საძებნი კაცია, თუ გინდათ სანდოობა, განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს. გუნდში გვყავს უამრავი წარმატებული წევრი. აი, ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს. ერთი რამ იცოდეთ, „ქართული ოცნების“ გუნდი არ დააკლებს მცდელობას, საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით, გუნდი ამას არ დააკლებს, არ იქნება სიცრუე, ღალატი და მამაძაღლობა, ამას გპირდებით ნამდვილად. პოლიტიკას მამაძაღლობა ახლავს, სამწუხაროდ, და ეს სიტყვაც უნდა გამოვიყენოთ. ვხედავ ირაკლი ქარსელაძეს, როგორი მინისტრები, როგორი შედეგები გვაქვს. შეხვედრა მქონდა დღეს უცხოელ წარმომადგენლებთან, ვინც აკვირდებიან, გაოცებულები არიან, გაოცებული არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში და როგორიც არის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან, ეს ის ხალხია, ვინც თქვენს სამსახურში ჩადგება და თქვენს ინტერესებს გაატარებს. მე აღარ ვისაუბრებ მათზე, ვინც ცდილობს საქართველო ვიღაცის დაკვეთებზე წაიყვანოს. გილოცავთ, გილოცავთ და როგორც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. ასევე ნახეთ „იმედის“ ეგზიტპოლით „ოცნება“ იგებს, „მთავარი არხის“ და „ფორმულის“ მიხედვით - ოპოზიცია - პირველადი შედეგებ...