საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, ცესკო აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს. არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში კი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. კონსტიტუციის თანახმად, პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი რა მოხდება, თუკი პრეზიდენტი არ დანიშნავს ახალი პარლამენტის პირველ სხდომას? კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კონსტიტუციაში ეს საკითხი პირდაპირ არ არის განსაზღვრული. მისი თქმით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, გამოიყენებს ანალოგიას და იტყვის, რომ პარლამენტი შეიკრიბება, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი მოიწვევს თუ არა სხდომას, სავარაუდოდ, ბოლო, მე-10 დღეს. ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად თქვა: „10-დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი და გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს, რომც დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით. აქ ფორმალური კომპეტენცია აქვს მხოლოდ პრეზიდენტს, შეუძლია მას უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას. კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში აუცილებლად უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, შესაბამისად, თეორიულად ჩვენ თუ დავუშვებთ ასეთ უხეშ დარღვევას, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი. ამას უზრუნველყოფენ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო“. ვახუშტი მენაბდის აზრით, ანალოგია მიემართება შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტი უარს ამბობს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევაზე, მაგრამ პარლამენტს მაინც შეუძლია შეკრება. „უპირატესი პრინციპი არის ის, რომ პრეზიდენტი ხელს ვერ შეუშლის პარლამენტის შეკრებას“, - თქვა კონსტიტუციონალისტმა. „საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში“. - საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 44) აქვს თუ არა ბერკეტი ოპოზიციას, შეაფერხოს პარლამენტის „სრული უფლებამოსილების შეძენა“? კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი პირველ სხ...