ლიეტუვის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურშიც, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართა, ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო. ის მმართველი კოალიციის შექმნას გეგმავს. სოციალ-დემოკრატებს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდათ პირველ ტურშიც, რომელიც 13 ოქტომბერს ჩატარდა. ლიეტუვის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ორი ტურის შედეგად, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 141-წევრიან პარლამენტში 52 დეპუტატი ეყოლება. პარტიას მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები არ აქვს, ამიტომ კოალიციის შექმნას აპირებს დემოკრატიულ კავშირსა და ფერმერების და „მწვანეთა“ კავშირთან. სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ვილია ბლინკევიჩუტემ, რომელიც ევროპარლამენტის დეპუტატია, ლიეტუვის მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხს სურს ცვლილებები და სხვა მთავრობა. თუ ბლინკევიჩუტე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება, ევროპარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის ფორმირების საკითხებს პარტიაში განიხილავენ. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიეტუვის მმართველ ქრისტიან-დემოკრატების პარტიას 28 მანდატი აქვს. პარტიის ლიდერმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალ-დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიეტუვის პარლამენტში 20 დეპუტატი ეყოლება პოპულისტურ პარტიასაც „ნემანის განთიადი“. ლიეტუვის პარლამენტის, სეიმის, არჩევნებში 14 პარტია და ერთი კოალიცია მონაწილეობდა. 141 დეპუტატიდან 71-ს ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ, 70-ს კი - პროპორციული სიებით. თუ ერთმანდატიან ოლქებში ვერცერთი კანდიდატი ვერ იღებს ამომრჩეველთა ხმების, სულ მცირე, მეხუთედს, მეორე ტურში მონაწილეობს საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი. ასევე ნახეთ ლიეტუვა თვლის, რომ ნატომ ახლა უნდა გაუგზავნოს ალიანსში წევრობის მიწვევა უკრაინას ნატოს და ევროკავშირის წევრი ლიეტუვა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთს ომს საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც პირდაპირ რისკად განიხილავს. ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურის შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვილია ბლინკევიჩუტემ განაცხადა, რომ ლიეტუვის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება და უკრაინის დახმარება პრიორიტეტად დარჩება. ...