უკრაინული კომპანია "ნაფტოგაზის" სარჩელის საფუძველზე, ფინეთში ყადაღა დაედო მიწის ნაკვეთს, რომელიც ეკუთვნის რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრს. ფინეთის სასამართლომ პირველად გამოიტანა განაჩენი რუსეთის გაყინული ქონების კონფისკაციის შესახებ - იუწყება გამოცემა Helsingin Sanomat-ი. "ნაფტოგაზმა" რუსეთის წინააღმდეგ ხუთი მილიარდი დოლარის თანხაზე შეიტანა სარჩელი ანექსირებულ ყირიმში შარშან ზაფხულში მიყენებული ზარალისა და დაკარგული ქონების გამო. სარჩელის საფუძველი გახდა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვს უკრაინული კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა დაევალა, კომპენსაციის ოდენობა კი უნდა განსაზღვრულიყო "ნაფტოგაზის" აქტივების საბაზრო ღირებულებით ყირიმში. "ნაფტოგაზი" გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ თუ რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდიდა, ის საჩივარს შეიტანდა იმ ქვეყნების სასამართლოებში, სადაც რუსეთის აქტივები იყო. კრემლი აცხადებდა, რომ შეისწავლის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. 2019 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ თქვა, რომ მოსკოვი არ აღიარებს ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილებას "ნაფტოგაზისთვის" კომპენსაციის გადახდის საქმეზე. ყირიმის ანექსიამდე, "ნაფტოგაზი" იქ ფლობდა "ჩერნომორნაფტოგაზს" - კომპანიას, რომელიც წელიწადში მილიარდ-ნახევარ კუბურ მეტრ გაზზე მეტს მოიპოვებდა. ჰელსინკიში საბჭოთა მეცნიერების და კულტურის ცენტრი 1977 წელს გაიხსნა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ცენტრის ქონების მემკვიდრე რუსეთი გახდა. ასევე ნახეთ რატომ არასდროს გაუთავდება რუსეთს ფული ომისთვის? პასუხობს ეკონომისტი ვლადისლავ ინოზემცევი ...