„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო კამპანია: „გადაამოწმე შენი თავი, სად მიეცი ხმა“. როგორც პარტიის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ თქვა, ამისთვის მოითხოვენ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვებსაიტზე დაამატოს არჩევნებში მონაწილეობამიღებული ამომრჩევლების ბაზა - „ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს შემოწმება, არის თუ არა იმ უბნის სიაში, სადაც ხმა მისცა“. „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ კი მოითხოვა ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს გადაამოწმოს: მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში; რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა; რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, ამომრჩეველთა ამ ტიპის ბაზის შექმნა კანონით შეზღუდულია. გარდა ამისა, ცესკომ განაცხადა, რომ „ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას“. ცესკო მიიჩნევს, რომ „პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ, იმისთვის, რომ შექმნან აღქმა თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს“. თამარ კორძაიამ ცესკოს პასუხად განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს ზუსტად ისეთივე ბაზა, როგორიც არის ამომრჩეველთა ერთიანი სია, რომელშიც სამ მილიონზე მეტი ადამიანის პერსონალური მონაცემებია შეყვანილი და ამ ბაზაში შეიტანენ იმ ადამიანების პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე. „ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი, რომ თურმე ამ შემთხვევაში, როდესაც კანონის მოთხოვნების დაცვას ვითხოვთ, როდესაც ვითხოვთ, რომ არჩევნებს უნდა დაუბრუნდეს ნდობა და ამის ერთადერთი გზა ქვეყნის შიგნით არის ის, რომ ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს, სად მისცა და როგორ მისცა ხმა და თავად მისცა თუ არა ხმა, ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს ეწინააღმდეგება არჩევნების საერთაშორისო პრაქტიკას და შეიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების რისკებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ამას ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც უბრალოდ ვერ უზრუნველყო ისეთი ხარისხის საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა, რომელიც დაიცავდა ხმის მიცემის ფარულობას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო ფარული არჩევნების ჩატარება და ამით იმოქმედა ამომრჩევლის ნებაზე და ეს ადამიანები და ეს უწყება გველაპარაკება ჩვენ კანონის დაცვასა და პერსონალური მონაცემების დაცვაზე“, - თქვა თამარ კორძაიამ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტი...