პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის „რამდენიმე ათასი“ სამხედრო რუსეთის კურსკის ოლქისკენ მიემართება, მათი მცირე რაოდენობა უკვე ადგილზეა. რაიდერის სიტყვებით, პირველი ნიშნები იმას მოწმობს, რომ რუსეთი აპირებს ისინი გამოიყენოს ქვეითი ჯარების სახით - „ბრძოლებში ან საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერისთვის კურსკში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ,“ იმოწმებს გენერალს Reuters-ი. ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე ტელეარხი CNN-ი დასავლეთის დაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ასევე შევიდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე. მაგრამ რაიდერის თქმით, ამის დადასტურება მას არ შეუძლია. სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოხატა ცნობებზე, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთში ჩავიდნენ. მისი თქმით, თუკი ისინი გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, უკრაინამ მათ უნდა დაარტყას. ასევე ნახეთ ნატომ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ყოფნა კურსკში, რას ნიშნავს ეს? 28 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შენაერთები შევიდნენ კურსკის ოლქში. მან მოვლენების ასეთ განვითარებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის „მნიშვნელოვანი ესკალაცია“ უწოდა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიანიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „საგონებელშია ჩავარდნილი“ იმის გამო, რომ ომში „რუსეთის 600 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა“. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ნატომ რუსეთში ჩრდილოკორეელ სამხედროთა გაგზავნა დაადასტურა. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთში ჯარების გაგზავნას აპირებს ან უკვე გააკეთა ეს. მანამდე გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთი კორეა რუსეთს იარაღს და საბრძოლო მასალას აწვდიდა, რასაც მოსკოვიც და ფხენიანიც უარყოფენ. ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში ...