უკრაინა ისევ ცდილობს რუსეთთან მოლაპარაკებას ერთმანეთის ენერგოობიექტებზე დარტყმის შესაწყვეტად. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. შუამავლის ფუნქციას კვლავ კატარი ასრულებს. გამოცემის წყაროთა თანახმად, პროცესი ადრეულ ეტაპზეა. ბოლო ხანს, დასავლეთის არაერთი მედიასაშუალება წერდა, რომ აგვისტოში უკრაინა და რუსეთი კატარის შუამავლობით ცდილობდნენ შეთანხმებას ერთმანეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმების შესაწყვეტად, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაციის დაწყების გამო მოსკოვმა მოლაპარაკებაზე უარი თქვა. Financial Times-ის წყაროები ვარაუდობენ, რომ რუსეთი უკრაინასთან შეთანხმებაზე უარს იტყვის, სანამ უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში რჩებიან. ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე შეუტიეს 32 მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, სულ მცირე, ცხრას. 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის არმიამ გაანადგურა უკრაინის ენერგოობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი შექმნა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 ოქტომბერს Financial Times-ს განუცხადა, რომ ენერგეტიკის ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტა შესაძლოა იქცეს პირველ ნაბიჯად აქტიური საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად. ასევე ნახეთ ზელენსკის აქვს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტის ინიციატივა უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის 5 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები. სოკოლოვი და კობილაში ეჭვმიტანილი არიან ომის დანაშაულში, კერძოდ, მათი ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მიერ უკრაინის ენერგოობიექტების განზრახ განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას. რუსი ადმირალი და გენერალი ეჭვმიტანილი არიან ანტიჰუმანური ქმედებებით კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაშიც. ...