მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი სადახლოში, 69-ე საარჩევნო უბანზე, მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის ოპოზიციის დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „მარნეულის სათემო რადიომ“ გაავრცელა. ამ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა როვშან ისკანდაროვის ფეისბუკის პოსტის ე.წ. სქრინი. საქმე ეხება არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტს. ხუთწამიან ვიდეოში, რომელიც 26 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, როგორ ყრის როვშან ისკანდაროვი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს. როვშან ისკანდაროვმა პოსტი თავის პირად ფეისბუკგვერდზე 27 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, გამოაქვეყნა, თუმცა დღეს ეს პოსტი მის გვერდზე აღარ იძებნება. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დაწერა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა: „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ. ფაქტი კი იყო შემდეგი: როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი, მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს. ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და "ქართული ოცნების" პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტინის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტინები ეჭირათ მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) ხელში, რისი მოწმეც არაერთი ადამიანია. მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტინები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია". ხუთწამიანი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ირაკლი ჭუმბურიძემ გადაიღო. ის არჩევნების დღეს დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა 69-ე უბანზე. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ირაკლი ჭუმბურიძე ამბობს, რომ უბანზე მისვლიდან 10 წუთში დააფიქსირა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ბღუჯად ჩაყრის ფაქტი: „მესმის ხმა, მეორე დამკვირვებელი ქალის ხმა, რომელიც ყვირის: არ ქნათ, არ ქნათ და ეფარება ყუთს. მოვტრიალდი და სადღაც ერთ მეტრში ყუთთან მოვხვდი და ვხედავ, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ რა, ვერ ვხდები. ტელეფონის კამერა ჩავრთე, ასე [ფარულად] გადავიღე, რომ არ მიმხვდარიყვნენ, რომ ვიღებდი, რადგან ფოტოს გადაღება აგვიკრძალეს. და უცებ ამ ადამიანმა დაუშვა ბღუჯა ბიულეტენები და მეორე ადამიანმა ტენა და მხოლოდ ეს მომენტი გადავიღე და პირდაპირ ჩავიდე ტელეფონი ჯიბეში, რადგან მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ დატრიალდებოდა. თან შოკი მქონდა, რადგან ამას ნამდვილად არ მოვე...