რუსეთი ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება, რომლითაც რუსულ კომპანიებს დე ფაქტო რესპუბლიკაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. 1 ოქტომბერს მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთს საბიუჯეტო დაფინანსება შეუჩერა, მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი ამ დოკუმენტის ხელმოწერა იყო. აფხაზური ოპოზიცია შეთანხმებას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ეს „ოლიგარქიულ ექსპანსიას“ გამოიწვევს. დოკუმენტს მოსკოვში ხელი მოაწერეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა. რუსული უწყების ცნობით, დოკუმენტი, კერძოდ, განსაზღვრავს მხარეების უფლებებს და ვალდებულებებს, ადგენს მხარდაჭერის ნორმებს აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებისთვის. ასევე ნახეთ სასათბურო პირობები რუსი ოლიგარქებისთვის? საიდუმლო განხილვა სოხუმის დე ფაქტო პარლამენტში „შეთანხმება საშუალებას იძლევა რესპუბლიკის ეკონომიკაში დამატებითი რუსული ინვესტიციების მოსაზიდად და ამით ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმებისა და დასვენების მიმართულების განვითარებას. დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი მოქმედება მიზნად ისახავს დამხმარე ინფრასტრუქტურის - გაზმომარაგების, წყალმომარაგების, გათბობის, ტრანსპორტის, სოციალური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას", - განაცხადა მაქსიმ რეშეტნიკოვმა. დოკუმენტის კომენტირებისას კრისტინა ოზგანმა თქვა, რომ ინვესტიციები საკვანძო როლს თამაშობს „აფხაზეთის ეკონომიკურ სტაბილურობაში“. „ბოლო დროს რესპუბლიკაში შეინიშნება მაღალი საინვესტიციო აქტივობა. 4 წლის განმავლობაში, ძირითადი ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 2,5-ზე მეტჯერ და გადააჭარბა 11 მილიარდ რუბლს. პოზიტიურ დინამიკას ადასტურებს აგრეთვე საშუალო თვიური ხელფასის ზრდა, მშპ-ს ზრდა და ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების გაორმაგება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვახერხებთ თვისობრივად ახალი მიდგომის დემონსტრირებას - ვამცირებთ სახელმწიფო ინვესტიციების დონეს და ვზრდით კერძო ინვესტიციების დონეს. ეს არის ხარისხობრივი ცვლილებები, რომლებსაც ხელს შეუწყობს მთავრობათაშორისი შეთანხმება, ვინაიდან საუბარია ძალიან დიდ ინვესტიციებზე. ასეთი საინვესტიციო პროექტები ძირეულად შეცვლის რესპუბლიკაში დასაქმების მთლიან სურათს“, - აღნიშნა მან. ამ დოკუმენტის ძალაში შესვლას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სავალდებულო რატიფიცირება სჭირდება. ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტმა" სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ...