აშშ-ის მიერ 31 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის 8000-მდე სამხედრო ამჟამად კურსკის რეგიონში, უკრაინის საზღვართან იმყოფება და რუსეთი ნამდვილად გეგმავს მათ ჩართვას უკრაინის არმიასთან ბრძოლაში. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ის მოლოდინით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები ფრონტის ხაზზე უკვე მომავალ დღეებში გაიგზავნებიან. ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბრძოლის არეალებში დისლოცირების შემთხვევაში ისინი "ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე" იქნებიან. ჩრდილოეთი კორეის სამხედროთა დისლოცირება მთავარი საკითხი იყო შეხვედრაზე, რომელზეც ბლინკენმა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უმასპინძლეს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩო ტჰე იოლს და თავდაცვის მინისტრ კიმ იონ-ჰიონს. რუსეთი ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს წვრთნებს უტარებს არტილერიის, დრონებისა და საბაზისო სახმელეთო ოპერაციების სფეროებში, სანგრების გასუფთავების ჩათვლით - "რაც მოწმობს, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ ამ ძალების გამოყენებას ფრონტის ხაზის ოპერაციებში", - თქვა ბლინკენმა ბრიფინგზე. ასევე ნახეთ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები "ნებადართული სამიზნეა" რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ ...