რიგაში, ლატვიის დედაქალაქში, მოახდინეს რუსი სარდლის, ბარკლაი დე ტოლის ქანდაკების დემონტაჟი. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში იტყობინება რიგის მერი ვილნის კირსისი. მან ქანდაკების დემონტაჟის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "ესპლანადა გათავისუფლებულია რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოსგან." ბარკლაი დე ტოლის ქანდაკება იდგა პარკში, ლატვიის მთავრობის შენობის მოპირდაპირე მხარეს. ოქტომბრის შუა რიცხვებში, რიგის საკრებულომ რუსი სარდლის ქანდაკების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. რიგის საკრებულოს ძეგლთა საბჭო ამის წინააღმდეგი იყო. ბარკლაი დე ტოლის ქანდაკება რიგაში 1913 წელს დაიდგა, 1812 წლის - ნაპოლეონის წინააღმდეგ - „სამამულო ომში” გამარჯვების მე-100 წლისთავზე. შოტლანდიურ-გერმანული წარმოშობის სარდალი აცხადებდა, რომ ამ ქალაქში დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს, ქანდაკება მოხსნეს რიგიდან ევაკუაციის მიზნით, რის შემდეგაც ის დაიკარგა. ქანდაკების ადგილას დარჩა კვარცხლბეკი. 2002 წელს, ბიზნესმენ ევგენი გომბერგის ინიციატივით, მასზე აღმართეს ქანდაკების ასლი. 2024 წელს კვარცხლბეკს რამდენჯერმე შეასხეს საღებავი. დემონტაჟის შემდეგ, იგეგმება ქანდაკების ევგენი გომბერგისთვის დაბრუნება, იტყობინება Delfi. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ, ლატვიაში დაიწყეს რუსეთთან ისტორიულად დაკავშირებული ძეგლების დემონტაჟი. 2022 წელს რიგაში დაანგრიეს საბჭოთა არმიის მებრძოლთა ხსოვნის ძეგლი, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაიდგა. მანამდე ამ მონუმენტს იცავდა ლატვიისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმების მოქმედება ცალმხრივად შეაჩერა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საპასუხოდ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 2023 წელს მოხსნეს პოეტ ალექსანდრ პუშკინის ქანდაკება, რომელიც კრონვალდის პარკში იდგა. ...