რუსეთის არმიამ 1 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაბომბა უკრაინის ქალაქი ხარკოვი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო შენობა, სადაც პოლიცია იყო დისლოცირებული. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ივან ვიხოვსკიმ Facebook-ზე დაწერა, რომ თავდასხმას მინიმუმ ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, 26 პოლიციელი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ შენობა, სადაც პოლიცია იყო განთავსებული, უკრაინის ეროვნული გვარდიის აკადემია იყო. ამის ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსული S-300 რაკეტა კერძო საცხოვრებელ შენობას მოხვდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი: კაცი და სამი ქალი. ყველა მათგანი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 20 სახლი, როგორც კერძო, ასევე მრავალსართულიანი. რუსეთი ყოველდღე დაბომბავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის თავს. მოსკოვი მშვიდობიან მოქალაქეთა შორის მსხვერპლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე კომენტარს არ აკეთებს. ასევე ნახეთ მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას ...