ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ქვეყნის 60 მოქალაქეს უკრაინის არმიის რიგებში შესვლის უფლება მისცა. ამის შესახებ იტყობინება ჩეხეთის რადიო პაველის პრესმდივნის, ფილიპ პლატოშზე დაყრდნობით. მთლიანობაში, ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო 181 განცხადება უკრაინის მხარეზე ბრძოლის ნებართვის მოთხოვნით. ჩეხეთის კანონებით, პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, საზღვარგარეთ საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ. როგორც ჩეხური მედია წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ნებართვები გაიცემა: 2023 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩეხეთის 553 მოქალაქემ გამოთქვა სურვილი ებრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში, თუმცა ნებართვა მხოლოდ 151-მა მიიღო. ჩეხ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში შევიდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პრეზიდენტის წინასწარი თანხმობის გარეშე, შეუძლიათ შეწყალების თხოვნა დაწერონ. ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება ან არ დაიწყება. შესაბამის დოკუმენტს ხელი ასევე უნდა მოაწეროს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა უკვე გამოეხმაურა ჩეხეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ჩეხეთის პრეზიდენტს არ აღელვებს თანამოქალაქეების ბედი. ”ეს 60 (ადამიანი - რედ.), როგორც ჩანს, ჩეხეთის თვალსაზრისით, არასაჭირო ხალხია,” - თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე. 2024 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა პეტერ პაველმა მედლით "გმირობისთვის" დააჯილდოვა (სიკვდილის შემდეგ) ჩეხი მოხალისე კარელ კუჩერა, რომელიც გასულ წელს დაიღუპა ბახმუტისთვის ბრძოლებში. ...