მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს, საპრეზიდენტო არჩევნებში მორიგი გამარჯვება მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მან ხაზი გაუსვა იშვიათ ძალას, რომლითაც სანდუმ გადალახა არჩევნებთან დაკავშირებული სირთულეები. ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მაია სანდუს უდასტურებს მზადყოფნას მოლდოვისა და მისი ხალხის ევროპული მომავლისთვის თანამშრომლობის გასაგრძელებლად. სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. მისი განცხადებით, დემოკრატიამ გაიმარჯვა ყველა ჩარევასა და მანევრზე. მაკრონი ადასტურებს, რომ საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე. მოლდოვაში 3 ნოემბერს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის წინასწარი შედეგებით(ბიულეტენების 98%), ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(45%). ასევე ნახეთ ორი კანდიდატი, რომლებიც მოლდოვის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან ისევე როგორც 20 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ ტურამდე, რომელშიც სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა გასამარჯვებლად საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მოლდოვის ხელისუფლებამ მეორე ტურის დროსაც განაცხადა არჩევნებში რუსეთიდან ჩარევის შესახებ. 3 ნოემბერს პრეზიდენტ მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ სეკრიერუმ რუსეთი დაადანაშაულა კენჭისყრის პროცესში მასობრივად ჩარევაში. მოსკოვში ამას უარყოფენ. მოლდოვაში გამოძიება დაიწყო აზერბაიჯანში, ბელარუსსა და თურქეთში გახსნილ უბნებზე კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მოსკოვიდან თვითმფრინავებით ამომრჩევლების სავარაუდო ორგანიზებული გადაყვანის გამო. კიშინიოვმა რუსეთის ჩარევის გაგრძელებად მიიჩნია ცრუ შეტყობინებებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ბომბის არსებობის შესახებ. ასევე ნახეთ მეთიუ ბრაიზა: როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ ჩარეულა საქართველოს არჩევნებში? ...