უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაია სანდუს მიულოცა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინა მხარს უჭერს მოლდოვის ხალხის ევროპულ არჩევანს და მზად არის პარტნიორობის განმტკიცებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს და აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. ზელენსკის თანახმად, მხოლოდ ნამდვილ უსაფრთხოებას და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია თითოეულ ადამიანს და ოჯახს მისცეს ხვალინდელი დღის რწმენის გარანტია. ასევე ნახეთ ზელენსკის თქმით, "დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა" მოლდოვაში 3 ნოემბერს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(45%). ასევე ნახეთ ევროპელი ლიდერები სანდუს ულოცავენ მოლდოვის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას ისევე როგორც 20 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ ტურამდე, რომელშიც სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა გასამარჯვებლად საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მოლდოვის ხელისუფლებამ მეორე ტურის დროსაც განაცხადა არჩევნებში რუსეთიდან ჩარევის შესახებ. 3 ნოემბერს პრეზიდენტ მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ სეკრიერუმ რუსეთი დაადანაშაულა კენჭისყრის პროცესში მასობრივად ჩარევაში. მოსკოვში ამას უარყოფენ. მოლდოვაში გამოძიება დაიწყო აზერბაიჯანში, ბელარუსსა და თურქეთში გახსნილ უბნებზე კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მოსკოვიდან თვითმფრინავებით ამომრჩევლების სავარაუდო ორგანიზებული გადაყვანის გამო. კიშინიოვმა რუსეთის ჩარევის გაგრძელებად მიიჩნია ცრუ შეტყობინებებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ბომბის არსებობის შესახებ. ...