5 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის 47-ე პრეზიდენტს ირჩევს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 60 წლის კამალა ჰარისია. რესპუბლიკური პარტიიდან კენჭს იყრის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი. არჩევნების ძირითად დღემდე, 5 ნოემბრამდე, კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით ისარგებლა 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა. ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, ნაწილმა კი ხმა მისცა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე. ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.три კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო. კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჰარისი გახდება აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი. მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც. ასევე ნახეთ ჰარისი ან ტრამპი: რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის? საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი. თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი. ასევე ნახეთ რატომ აცხადებს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებულს მედია? ...