5 ნოემბერს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში რუსეთის დარტყმების შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი და ოცამდე დაიჭრა, იტყობინება ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორი ივან ფიოდოროვი. ამის შესახებ ფიოდოროვმა ტელეგრამის არხში დაწერა და დასძინა, რომ ხანძარი გაჩნდა რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე. მისი თქმით, რუსეთის იერიშის სამიზნე იყო ინფრასტრუქტურის ობიექტი. ფიოდოროვს დეტალები არ უხსენებია. ზაპოროჟიე, რომელშიც ომამდე 700 ათასი ადამიანის ცხოვრობდა, 55 კილომეტრზე მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, რომელიც უდიდესი აესია ევროპაში. რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ დაამყარა კონტროლი ელექტროსადგურზე. ასევე ნახეთ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა 48 რუსული დრონის და 2 რაკეტის ჩამოგდებას იუწყება სამშაბათსვე გავრცელდა ცნობა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 14 საათისთვის რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის ოლქის ორ სოფელს, გლუშკოვკასა და კაპიტოლოვკას. იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმის შედეგად ქალაქის ორ რაიონში ორი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი სახლები. მანამდე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იტყობინებოდა, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქზე დრონებით იერიშების ორი ტალღა განახორციელეს. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში უკრაინული დრონებით შეტევა იყო მხოლოდ ბრიანსკის ოლქზე, სადაც 6 აპარატი გაანადგურეს. საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება გართულებულია. ...