„ინიციატივა ჩვენი თხოვნით არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბოლო განვითარებების შესახებ ვესაუბროთ პრეზიდენტს. ბევრი რამ არის უკვე გარკვეული და დადგენილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გვინდა, ეს ყველაფერი გავაცნოთ პრეზიდენტს და მისი აზრი მოვისმინოთ“, - თქვა ნიკა გვარამიამ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. შეხვედრაზე ასევე მივიდნენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც. ...