რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან იმუშავებს თავისი ეროვნული ინტერესებისა და სპეცოპერაციის (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში ომს. რედ.) მიზნების მიღწევის მტკიცედ დაცვით. “რუსეთი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, როცა ის თეთრ სახლში “ ჩაეწერება” რუსეთის ეროვნული ინტერების მკაცრი დაცვითა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დასახული მიზნის მიღწევაზე ორიენტირებით. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად იცნობენ”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „მათ არ აქვთ ილუზია ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთში კარგად იცნობენ, და კონგრესის ახალ შემადგენლობაზე, სადაც რესპუბლიკელები, წინასწარი მონაცემებით, უპირატესობას ფლობენ. აშშ-ის მმართველი პოლიტიკური ელიტა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მისდევს ანტირუსულ და „მოსკოვის შეკავების“ ხაზს“, - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია „პრეზიდენტის გეგმა ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვასთან დაკავშირებით“. „მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ საუბარია არამეგობრულ ქვეყანაზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში“, - თქვა პესკოვმა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს. ტრამპმა კენჭისყრაში დაამარცხა დემოკრატების კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. პარალელურად, რესპუბლიკურმა პარტიამ დაიბრუნა უმრავლესობა სენატში - დასავლეთ ვირჯინიისა და ოჰაიოს შტატებიდან ადგილების მოპოვების შედეგად. ...