ამ წუთებში, მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა. საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს მიმართავს და ეუბნება: "ჩვენ არ ვეთანხმებით ელექტრონულ ხმის მთვლელ აპარატზე ჩატარებული ექსპერიმენტის ამორიცხვას ან/და ხელახლა ჩატარების შუამდგომლობას, რადგან ეს ექსპერიმენტი ჩატარდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც თქვენი კოლეგები ესწრებოდნენ. ყველა დაეთანხმა, რომ ექსპერიმენტი სწორად ჩატარდა. მათ შორის არსებობს ვიდეო, სადაც ისმის, რომ თქვენ ეთანხმებით, რომ ექსპერიმენტი სწორადაა ჩატარებული. რა საფუძვლით უნდა მოხდეს მისი ამორიცხვა? გაუგებარია. ეს არის პირველი ინსტანციის საქმის შემადგენელი ნაწილი და მისი ამორიცხვის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ხელახლა ჩატარებას: როდესაც თქვენ აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ თქვენს მიერ მოტანილი აპარატის, თქვენს მიერ მოტანილი ჩარჩო-კონვერტისა და თქვენს მიერ მოტანილი ფლომასტრის გამოყენებით ჩატარებულ ექსპერიმენტს, ახლა, როდესაც უკვე იცით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ამ ექსპერიმენტისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გაბათილდა ოლქები, ჩვენ აღარ გვაქვს ნდობა, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი აპარატი, ან ფლომასტერი, ან ფურცელი იქნება იმავე ხარისხის, რაც რეალურად იქნა გამოყენებული არჩევნების დღეს. აუხსნელია, რატომ უნდა ჩატარდეს ერთი და იგივე ექსპერიმენტი ერთსა და იმავე საქმეზე, მაშინ, როდესაც ეს ექსპერიმენტი უკვე ჩატარდა და საქმეში მტკიცებულების სახითაც დევს. გარდა ამისა, გაუგებარია, რის საფუძველზე აყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლომ ამორიცხოს ის ბიულეტენები, რომლებიც ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შესაბამისი უბნებიდან, და ეს ბიულეტენებიც დათვალიერდა ადგილზე. დათვალიერების შედეგად კი გამოჩნდა, რომ ყველგან არის დარჩენილი (მარკერის) კვალი. ამ ამორიცხვის საფუძველი რა არის? გაუგებარია. ეს არის გარემოება, რომელიც დადასტურებულია. ამიტომ, ჩვენ სხვა ოლქებთან მიმართებითაც ანალოგიური შუამდგომლობა გვაქვს”, - თქვა ნონა ქურდოვანიძემ სხდომათა დარბაზში. ასევე ნახეთ საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ...