"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ასაჯაროებს საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივრის შინაარსს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წერს, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს. საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში ვკითხულობთ: “საქმის განმხილველი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე ელზა გურგენიძე არის “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” შემომწირველი… გამოირჩევა სოციალურ ქსელებში პოლიტიკური და საარჩევნო სუბიექტის “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო სააგიტაციო განცხადებებით. ერთ-ერთ პოსტში ის მეუღლეს მიღებულ გადაწყვეტილებას უწონებს და უქებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ბატონ ვლადიმერ ხუჭუას წინამდებარე საქმის განხილვაზე უნდა მიეღო თვითაცილების გადაწყვეტილება, რადგან არსებობს ეჭვის რეალური საფუძველი, მის მიუკერძოებლობაში. ასეთი გადაწყვეტილება ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი შინაარსის მატარებელი… საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელსაც არ უნდა განეხილა. ამრიგად, საქმის არაკანონიერი შემადგენლობის განხილვის გამო, სახეზეა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი”, - წერია საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში, რომელსაც საია აქვეყნებს. ასევე ნახეთ საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი ნონა ქურდოვანიძე, საიას დირექტორი, 6 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოეხმაურა საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებებს მოსამართლის თვითაცილებისა და მოსამართლის მეუღლის პოსტებთან დაკავშირებით და თქვა: “თქვენ გვეუბნებით, რომ მეუღლის პოსტების გამო მოსამართლე ხუჭუას თავი უნდა აეცილებინა?! ან რატომ არ დააყენეთ ეს შუამდგომლობა პროცესზე, როდესაც ამის შესაძლებლობაც გქონდათ? განვიხილოთ, რა არის ამ პოსტების შინაარსი (მოსამართლის მეუღლის პოსტები), მაგალითად, სიმონიანის კრიტიკა, რომელიც არის რუსი პროპაგანდისტი. ეს ჯდება მოსამართლის ცოლის გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს." საარჩევნო ადმინისტრაცია სააპელაციო სარჩელით ასევე მოითხოვს წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გამოთხოვილი ბიულეტენებისა და სხვა მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას, რომლებიც სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიკვლია. 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვე...