რუსეთმა კურსკის ოლქში 45 ათასამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი და, სავარაუდოდ, კონტრიერიშისთვის ემზადება ოლქიდან უკრაინის ჯარების განსადევნად, განაცხადა 6 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ. მისი თქმით, მოსკოვი ასევე ცდილობს, თავისი ეფექტიანობა ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების დახმარებით გაზარდოს. სირსკის კომენტარები გამოჩნდა იმ დღეს, როცა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, მოიწონა ფხენიანთან სტრატეგიული ხელშეკრულების რატიფიკაცია. ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება, რომელსაც ივნისში მოეწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფხენიანში ვიზიტისას, ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთ მათგანზე მესამე მხარის თავდასხმის შემთხვევაში. როგორც უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები ირწმუნებიან, ჩრდილოეთმა კორეამ უკვე გაგზავნა რუსეთში დაახლოებით ათი ათასი სამხედრო მოსამსახურე. „მოწინააღმდეგემ იქ თავი მოუყარა დაახლოებით 45 ათას ჯარისკაცს. და ცდილობს მათი რაოდენობის გაზრდას. რუსეთს ამ მიმართულებაზე საკუთარი ჯარები არასაკმარისად ჰყავს, ამიტომ ისინი ასევე ცდილობენ, იქ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ჩაიყვანონ,“ დაწერა სირსკიმ ტელეგრამში. უკრაინა ირწმუნება, რომ რუსეთის კურსკის ოლქში 1000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებს მას შემდეგ, რაც 6 აგვისტოს მოულოდნელად შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე. კიევის მოქმედებები მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან მისი გამოფიტული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მომქანცველ ბრძოლებს აწარმოებენ რუსეთის უკეთესად აღჭურვილი და მრავალრიცხოვანი ჯარების წინააღმდეგ. ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში ...