6 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლეთა კოლეგიამ იმსჯელა 30 სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის, კოალიცია „შენი ხმის“, და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) გაერთიანებულ საჩივრებზე. საჩივრები მოიცავს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამეგრელოსა და გურიის ოლქების საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებს. "საიას" იურისტ თამარ ფაჩულიას თქმით, მათ ჰქონდათ შუამდგომლობები, მათ შორის მტკიცებულებების წარდგენის და დოკუმენტების დართვის შესახებ, რომლებიდანაც სასამართლომ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო. 6 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, ისევე როგორც 5 ნოემბრის სხდომაზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა და გამოთქვა ეჭვი, რომ იგი შესაძლოა არ იყოს მიუკერძოებელი. მისივე თქმით, შოთა სირაძე იყო ხობის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ამასთან არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამა. ამ საკითხზე მოსამართლეთა კოლეგიის სხვა წევრებმა იმსჯელეს და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, რადგან ეს გარემოებები აცილების საფუძვლად არასაკმარისად მიიჩნიეს. თავად მოსამართლე შოთა სირაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ „უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აცილებაზე შუამდგომლობა". მან თქვა, რომ მითითებული გარემოებები ვერ გახდებოდა მოსამართლის აცილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო თუ ასეთი წარმოიშობოდა, თავად განაცხადებდა აცილებაზე. ასევე ნახეთ საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ასევე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები, რომლებიც ეხებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მესამე მხარედ ჩართვას სასამართლო განხილვისას, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების არჩევას, ბიულეტენების გახსნას და ფარულობის პრინციპის დარღვევის დადგენას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის, ლელა მოწონელიძის თქმით, ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარებისთვის ორივე პროცესზე ითხოვეს ბიულეტენის, ჩარჩო კონვერტისა და მარკერის მიტანა. 6 ნოემბრის სასამართლო პროცესზე საიას შუამდგომლობა ეხებოდა 15 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ამოღებას და ფარულობის დარღვევის დასადგენად, სატესტოდ რამდენიმეს დათვალიერებას. ამის შემდეგ მოსამართლე შოთა სირაძემ მოპასუხე მხარეებს ჰკითხა, შეიმჩნეოდა თუ არა ბიულეტენების გადათვლისას მარკერის კვალი ფურცლის მეორე მხარეს, რაც ვერ უარყვეს მოპასუხე მხარეებმა - ბათუმის, ხელვაჩაურის, ონისა და სხვა საოლქო საარჩევნო კომისიების ...