7 ნოემბერს, გამთენიისას, რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კიევის პეჩერსკის რაიონში მდებარე სახლის 33-ე სართულზე. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის 34-ე, ტექნიკური სართული. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. სახლიდან ევაკუაცია განხორციელდა. რუსული დრონებით შეტევამ ხანძრები გამოიწვია კიევის ობოლონსკის რაიონში მდებარე ბიზნესცენტრის შენობის ბოლო სართულებზე და სოლომენსკის რაიონში ერთ-ერთი კერძო სახლის ტერიტორიაზე. პოდოლსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა 2-სართულიან სახლში. ასევე ნახეთ ზელენსკი: შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განახლება: ადგილობრივი დროით დილის 9 საათის შემდეგ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოლომენსკის რაიონში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. კიევის ამავე რაიონში ხანძარი გაჩნდა კერძო სამედიცინო დაწესებულების შენობაშიც. ...