Tesla-ს დამფუძნებლის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება 6 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ იტყობინება Bloomberg-ი. ბიზნესმენებს შორის, რომელთა ქონებაც არჩევნების შემდეგ გაიზარდა, მეორე ადგილზეა კორპორაცია Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი. მისი ქონება თითქმის 10 მილიარდით მეტი გახდა. მესამე ადგილზეა Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც შვიდ-ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. პირველ ათეულში აღმოჩნდნენ ასევე Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის აქტივებიც ერთ დღეში შვიდი მილიარდი დოლარით გაიზარდა და Google-ის თანადამაარსებელი ლარი პეიჯი - ხუთ-ნახევარ მილიარდდოლარიანი მატებით. მთლიანობაში, მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ადამიანის აქტივების ღირებულება 63,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს ყველაზე დიდი ზრდაა ერთ დღეში 2012 წლის მერე, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის გამოთვლის დაწყების შემდეგ. მოგების დიდი ნაწილი მილიარდერებისთვის განაპირობა აქციების ზრდამ აშშ-ში. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, S&P 500 ინდექსი 2,5%-ზე ავიდა, რაც არჩევნების შემდგომი საუკეთესო მაჩვენებელი გახდა ისტორიაში, აღნიშნავს Bloomberg-ი. Tesla-ს აქციები ნიუ-იორკში, ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგების მიხედვით, 15%-ით გაიზარდა, რამაც ბოლო წლის განმავლობაში მოგება 32%-მდე გაზარდა. მასკი მონაწილეობას იღებდა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში და რესპუბლიკური პარტიის ხარჯებისთვის 130 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა. ტრამპი, თავის მხრივ, გამარჯვების შემთხვევაში, მასკს ოფიციალურ თანამდებობას შეჰპირდა მთავრობაში. ასევე ნახეთ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მასკის წინასაარჩევნო ლატარია შეიძლება უკანონო იყოს ასევე ნახეთ ბრაზილიამ განბლოკა სოციალური ქსელი X-ი, რისთვისაც მასკმა 5 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა გადაიხადა ...