"არჩევნები ჩატარდა. არსებობს ეჭვები. გაყალბების სერიოზული ეჭვებია და ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადე გვჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით ეჭვები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა", - თქვა შარლ მიშელმა. ის გამოეხმაურა ირაკლი კობახიძესთან გუშინ გამართულ შეხვედრასაც და თქვა: "მქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ [ირაკლი კობახიძისთვის] შეხედულებები გამეზიარებინა". ასევე ნახეთ "მიშელს შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა" - კობახიძე დღეს ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისა და ევროკომისიის პრეზიდენტის დღის წესრიგში საქართველოც იქნება. გუშინ უნგრეთში გაიმართა ევროპის თანამეგობრობის სამიტიც, რომელსაც სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, შარლ მიშელთან შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე ნახეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბუდაპეშტში შეხვედრას მართავენ რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მიშელმა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გამოძიება ითხოვა და აცნობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება შეჩერებულია მანამ, სანამ არ შეიცვლება საქართველოს ხელისუფლების კურსი. არსებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეტს 8 ნოემბერს სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე იტყვის. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც. ასევე ნახეთ მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ ...