გერმანელმა პარლამენტარმა, რომელიც კიდევ შვიდ ევროპელ დეპუტატთან ერთად მსვლელობით შეუერთდა დემონსტრაციას, შეკრებილებს "არდანებებისკენ" მოუწოდა და უთხრა, რომ იგი თბილისს ეწვია, რათა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატოს ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მიმართ. "მოხარულები ვართ, რომ ისევ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მადლიერები ვართ თქვენი სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ვიცით, რომ მმართველი პარტია და მთავრობა არაა გახარებული ჩვენი აქ ყოფნით. მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები. ევროპაშია თქვენი ადგილი და თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს ჩვენ ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა თუ არა თქვენი ქვეყნის პრეზიდენტთან, მამაც ქალთან შეხვედრა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის? ჩარევაა თქვენთან, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა, რომლებიც იბრძვიან ევროპული, დემოკრატიული ღირებულებებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის? აქ საუბარია არა ჩარევაზე, არამედ საერთო მომავალზე გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომაც ვართ აქ. გვინდა მხარი დაგიჭიროთ. მე კარგად ვიცი ჩემი ქართველი მეგობრებისგან, რომ თქვენ იმედგაცრუებული და დაღლილი ხართ, მაგრამ, ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას თქვენდამი", - თქვა როთმა. აქციის მონაწილეებს ასევე მიმართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემაც: "ვიღაც ცდილობს მოიპაროს თქვენი თავისუფლება, დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის! იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის! იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის! იბრძოლეთ იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი! გახსოვდეთ, არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება". პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ დემონსტრანტებს გაახსენა 2008 წლის 12 აგვისტო, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, თბილისში ჩამოვიდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი. "მე აქ ვიდექი თქვენს დიდ პრეზიდენტ [მიხეილ] სააკაშვილთან და პოლონეთის დიდ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიდექით მაშინ, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდა. მაშინ თბილისი გადარჩა და საქართველო გადარჩა. საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას. მე მაქვს ოცნება, მე მაქვს ნამდვილი ქართული ოცნება - ესაა ე...