რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 ნოემბერს, გვიან ღამით, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მას წინ უძღოდა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები და ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, „რესპუბლიკური ტრასის უკანონო ბლოკირებით გამოწვეული სიტუაციის“ გამო გამართულ სხდომაზე „ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა“ ბჟანიას „მოახსენეს ზომები, რომლებსაც მიმართავენ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბჟანიას მიერ მოწვეულ სხდომაზე ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი ქუჩუბერიამ განაცხადა, რომ ამ სამსახურის შენობის ჭიშკართან „არეულობების დროს დაფიქსირებულია თანამშრომლებზე ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევები“, ერთ-ერთი პირი კი თავისი ავტომანქანით ცდილობდა ჭიშკრის შენგრევას. ქუჩუბერიას თანახმად, ამ პირის ვინაობა დადგენილია და დააკავებენ. „ტასს“ მოჰყავს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებაც, რომ უშიშროების სამსახურთან შეკრებილთა ქმედებები და ავტომაგისტრალის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია. 11 ნოემბერს, საღამოს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ცნობები, რომ აფხაზეთში დააკავეს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია და ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. მათი ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამ შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით აქციამ სოხუმის თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გუმისთის და კოდორის ხიდები გადაკეტეს. три აფხაზური ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერის, ასლან ბარციცის ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ბრუნდებოდნენ გუდაუთიდან, სადაც საზოგადოების შეკრება ჩატარდა რუსეთს და აფხაზეთს შორის ახლახან ხელმოწერილი „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების“ განსახილველად. ეს „შეთანხმება" რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში თავისი საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის უფლებას. აფხაზური ოპოზიცია შეთანხმებას ეწინააღმდეგება და მისი რატიფიკაციის დღეს, 15 ნოემბერს, საპროტესტო აქციას გეგმავს. ასლან ბარციცმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ ოპოზიციონერების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა. ასევე ნახეთ სასათბურო პირობები რუსი ოლიგარქებისთვის? საიდუმლო განხილვა სოხუმის დე ფაქტო პარლამენტში 12 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, ტელეგრამ-არხით გავრცელ...