რუსეთის თავისუფალი სტილით ჭიდაობის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარტია „ალანიის პატრიოტების“ იდეური ლიდერი ძამბოლატ თედეევი კვლავ გამოდის ცხინვალის გავლით სატრანზიტო გზის გახსნის ინიციატივით. სატრანზიტო მარშრუტის გახსნის აუცილებლობაზე თეედევმა გასულ კვირაშიც განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის სხდომაზე. მოგვიანებით, სააგენტო "საპასთან" საუბარში თქვა, რომ გზის გახსნა რუსეთზეა დამოკიდებული, თუმცა ფიქრობს, რომ ამას დადებითი ეფექტი ექნებოდა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ბიუჯეტზე. „დღეს, როცა სანქციებია ჩვენი უფროსი სტრატეგიული პარტნიორისადმი, აუცილებელია გზების გახსნა. ამას ამბობს რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი. თუ ჩვენ ვხსნით ტრანზიტს, მაგალითად, ირანში, აზერბაიჯანში, სომხეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთში და ჩვენს ბიუჯეტში შემოვა თანხები, რომლებითაც ჩვენ შევინახავთ პენსიონერებს, ინვალიდებს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში ომს. რედ.), განა ეს ცუდია?!“ - განაცხადა თედეევმა. მისი სიტყვებით, როცა 2008 წელს გზა ჩაკეტეს, სანაცვლოდ არაფერი შეუთავაზებიათ. თედეევი დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი ვითარება ომამდელისგან განსხვავებულია. „2008 წლამდე ჩვენ უსაფრთხოდ არ ვგრძნობდით თავს, იმიტომ რომ არ გვყავდა „ჩვენი უფროსი ძმა“. ახლა რუსეთს აღებული აქვს ჩვენი საზღვრების და ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება. დღეს იქ დგას მე-4 სამხედრო ბაზა. ჩვენი სუვერენიტეტი უცვლელი დარჩება იმის მიუხედავად, გახსნიან გზას თუ დაკეტავენ“, - ამბობს თედეევი. ასევე ნახეთ რუსული ტვირთები საქართველოში ცხინვალის გავლით? მისი სიტყვებით, ცხინვალიდან „კატასტროფულად“ გაედინება ხალხი უმუშევრობის და იმის გამო, რომ „სამხრეთ ოსეთში უფრო ძვირია ცხოვრება, ვიდრე ვლადიკავკაზში“. მსგავსი განცხადება თედეევმა მიმდინარე წლის მარტშიც გააკეთა. ამასთან, ცხინვალის გავლით სატრანზიტო გზის გახსნისა და ინგუშეთის გავლით რკინიგზის გაყვანის ინიციატივები იანვარში განიხილეს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს ბოლო სხდომებზეც. რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 2023 წლის თებერვალში შეიქმნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შედგება როგორც რუსი და რუსეთში მოქმედი ქართველი ბიზნესმენების, ასევე რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისგან. საბჭოს გაცხადებული მიზანია „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების ახალი შესაძლებლობების შექმნა“. 2011 წელს თედეევმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეო...