რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთში მყოფ რუს ტურისტებზე არ იმოქმედებს: „ეს არის შიდაპოლიტიკური საკითხები, რაც მათზე არანაირად არ იმოქმედებს. აფხაზეთში მყოფ რუს ტურისტებს ამ პროტესტის გამო საფრთხე არ ემუქრებათ", - განაცხადა სერგეი შამბამ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი, არეულობა და ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა მოჰყვა აფხაზი ოპოზიციონერების, ომარ სმირის, გარი კოკაიას, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუას და ასლან გვარამიას დაკავებას. აფხაზური ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერის, ასლან ბარციცის ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ბრუნდებოდნენ გუდაუთიდან, სადაც საზოგადოების შეკრება ჩატარდა რუსეთს და აფხაზეთს შორის ახლახან ხელმოწერილი „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების“ განსახილველად, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება და მისი რატიფიკაციის დღეს, 15 ნოემბერს, საპროტესტო აქციასაც გეგმავდა.три დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულებმა „არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინეს პარლამენტის წევრის მიმართ“ - ტელეგრამის არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია "დეპუტატ" ალმას აქაბაზე. მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკავშირდება "დეპუტატის" მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების მხარდაჭერას. გუშინდელი დღიდან დაკეტილი იყო სოხუმისკენ მიმავალი კოდორის, ასევე ზედა და ქვედა გუმისთის ხიდები. ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იქ მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებს ატარებდნენ. ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდი გახსნეს, გუმისთის ხიდი ისევ ჩაკეტილია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, დაკავებული ოპოზიციონერების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები უკვე გადაეცა სასამართლოს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით სააგენტო წერს, რომ სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამმართველომ ოთხი დაკავებულის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მასალები შეაგროვა, ხოლო მეხუთე საქმეზე მასალები ამ დრომდე გროვდება. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუმისთის ხიდზე შეკრებილები დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა უკანონოდ დაკავებული არ გათავისუფლდება. ...