არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" არასაკმარისად მიიჩნევს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებებს ამომრჩეველთა სიასთან და ამომრჩეველთა საეჭვო ქცევასთან დაკავშირებულ კითხვებზე და მეტად მკაფიო განმარტებებს და დეტალურ სტატისტიკას ითხოვს. 13 ნოემბერს ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მათ ჯერაც არ მიუღიათ ცესკოდან გამოთხოვილი ინფორმაცია სპეციალური სიების შესახებ. ამ მონაცემებში შეიძლება ყოფილიყო პასუხი კითხვაზე, რიგ უბნებზე როგორ მისცა ხმა იმაზე მეტმა კაცმა ამომრჩეველმა, ვიდრე რეგისტრირებული იყო. "სამართლიანმა არჩევნებმა" 7 ნოემბერს საზოგადოებას ამცნო, რომ საარჩევნო დღის სტატისტიკა აჩენდა გარკვეული მანიპულაციების შესახებ ეჭვებს. ამ დღეს ორგანიზაციამ გაასაჯაროვა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ზოგიერთ უბანზე უფრო მეტმა კაცმა მისცა ხმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო. ამავე დღეს ცესკომ თქვა, რომ ISFED-ის მხრიდან ამგვარი განცხადება ან "საარჩევნო ცოდნის ნაკლებობის" ბრალი იყო, ან "საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად მიზანმიმართულ ქმედებას" წარმოადგენდა. იმის მიუხედავად, რომ ცესკომ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, 11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულზე მეტი კაცი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული არაზუსტი მონაცემებით ახსნა, საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში. "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ ამ მონაცემების გარეშე კვლავ გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა. 13 ნოემბერს "სამართლიანმა არჩევნებმა" კიდევ ერთხელ შეახსენა ცესკოს, რომ "საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, მის მიერვე წარმოებულ და გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არსებული შეცდომებისა და არაბუნებრივი მაჩვენებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და დეტალურად ახსნას აღნიშნულის მიზეზები." "სამართლიანი არჩევნები" არასწორ ინფორმაციად მიიჩნევს ცესკოს მტკიცებას, რომ კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მონაცემებში ცვლილება მხოლოდ 11 საარჩევნო უბნის 150 ამომრჩეველს შეეხო. მათ ეჭვს აძლიერებს აუხსნელი ცვლილებები ცესკოს ვებგვერდზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებში. მაგალითად, 73 საარჩევნო ოლქიდან 57-ში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების, ხოლო 2 საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლების რაოდენობის კლება. "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ ამგვარი ტენდენციები მხოლოდ რიცხვებში შეცდომის არსებობით ან მონაცემების მანიპულაციით შეიძლება აიხსნას. "საერთო ჯამში, კენჭისყრის დღ...